ასადის რეჟიმის დამხობა

სირიის პრემიერმინისტრის მოვალეობას 2025 წლის 1-ელ მარტამდე მოჰამედ ალ-ბაშირი შეასრულებს

მოჰამედ ალ-ბაშირი

მოჰამედ ალ-ბაშირი სირიის დროებითი მთავრობის მეთაურად დაინიშნა. ალ-ბაშირი სირიის პრემიერმინისტრის მოვალეობას 2025 წლის 1-ელ მარტამდე შეასრულებს. 

მოჰამედ ალ-ბაშირი აქამდე, 2024 წლის იანვრიდან მეთაური იყო 2017 წელს ისლამისტური კოალიცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის დაფუძნებული სირიის გადარჩენის მთავრობისა, რომელიც სირიის დე ფაქტო, ალტერნატიული მთავრობაა. 

9 დეკემბერს გამოცემა Al Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჰამედ ალ-ბაშირი სირიის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებდა. სირიის გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პრემიერმინისტრი, მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალი ამ წინადადებას დათანხმდა და განაცხადა, რომ ძალაუფლებას იდლიბში დაფუძნებულ სირიის გადარჩენის მთავრობას გადააბარებდა. 

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. 

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა. 

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები