პირი, რომლის დამასკოს ციხიდან გათავისუფლების კადრებიც CNN-ის რეპორტაჟში მოხვდა, ადგილობრივების ინფორმაციით, ასადის რეჟიმის დაზვერვის ოფიცერია.
პატიმარი მაშინ აღმოაჩინეს, როცა CNN-ის საერთაშორისო კორესპონდენტი კლარისა უორდი მეამბოხეთა მცველის თანხლებით დამასკოს ციხის ერთ-ერთ საკანში შევიდა. დაკითხვისას კაცმა თავი ადელ გურბალად წარადგინა სირიის ქალაქ ჰომსიდან. ის ამტკიცებდა, რომ ციხეში სამი თვე გაატარა და არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას ასადის რეჟიმის დამხობის შესახებ.
მოგვიანებით CNN-ის მიერ მოპოვებული ფოტოსურათით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება რეალურად ასადის რეჟიმის საჰაერო ძალების დაზვერვის დირექტორატის ლეიტენანტად მსახურობდა და მისი სახელი მოჰამედ სალამაა.
მისი იდენტიფიცირება ქალაქ ჰომსის მაცხოვრებლებმა შეძლეს, რომლებმაც CNN-ს სალამას ფოტოსურათი გადასცეს. ფოტოზე ის სამთავრობო ოფისში სამხედრო ფორმაში ჩანს. სახის ამომცნობმა პროგრამამ ფოტოსურათსა და დამასკოს ციხეში ნაპოვნ პიროვნებასთან 99%-იანი დამთხვევა აჩვენა.
CNN ქალაქ ჰომსის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ მოჰამედ სალამა საჰაერო დაზვერვის საგუშაგოებს ხელმძღვანელობდა და შემჩნეული იყო გამოძალვასა და შევიწროებაში.
ჯერ კიდევ უცნობი რჩება, თუ როგორ აღმოჩნდა ის დამასკოს ციხეში. მეამბოხეებმა ის სირიის წითელ ნახევარმთვარეს გადასცეს. ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციით, სალამა საკუთარ ნათესავებთან დაბრუნდა, თუმცა, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.