საქართველოს განათლების სამინისტრო

ამოიღეთ ხმა, გაიფიცეთ, დადექით სტუდენტების გვერდით – სტუდენტთა ნაწილი აკადემიურ პერსონალს

ტაბულა

სტუდენტების ნაწილი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიერ ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის დაკარგვისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის შესაძლო დაკარგვაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სტუდენტთა ნაწილი სხვა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაფიცვისკენ მოუწოდებს. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესმა განათლების სისტემამ დაკარგა EQAR-ის (ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის) რეგისტრაცია და კარგავს EQNA-ს (უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის) წევრობას.

ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

1. საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხი ვერ შეესაბამება ევროპული განათლების ხარისხის სტანდარტებს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მთლიანად განათლების სექტორში დაკარგულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც იწვევს მათ პარტიული გავლენების ქვეშ მოქცევას.

ეს ყველაფერი ნიშნავს:

- ეჭვქვეშ დგება საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხის სანდოობა;

- კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქართული დიპლომების მნიშვნელობა დასავლურ საერთაშორისო არენაზე და კრედიტების აღიარების საკითხი ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნებში;

- საფრთხის ქვეშ დგება ქართველი სტუდენტების ევროპულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის მაჩვენებელი, ასევე საერთაშორისო მობილობისა და სხვა პროგრამების ხელმისაწვდომობა;

- ქართული განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან იზოლაციაში ექცევა.

ეს უდიდესი დარტყმაა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც მუშაობენ კარიერული განვითარებისა და ქვეყნის წინსვლაში საკუთარი წვლილის შესატანად. წლების შრომა წყალში იყრება, და თითოეული დიპლომისა თუ სერტიფიკატის ღირებულება მნიშვნელოვნად კლებულობს.

მოყენებული ზიანი შეიძლება გამოუსწორებელი იყოს.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ სტუდენტებს:

ხვალ აღარც ოქროს მედლებს, აღარც წითელ დიპლომებს და აღარც სწავლაში გატარებულ თითოეულ წუთს ექნება აზრი, თუ ახლა არ გავერთიანდებით და ერთად არ ვიბრძოლებთ. სანამ კიდევ გვაქვს დრო ცვლილებებისთვის, გაიფიცეთ, შემოგვიერთდით და მიიღეთ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში!

მოვუწოდებთ აკადემიურ პერსონალს:

თქვენ საუკეთესოდ გესმით, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი განათლების სისტემა და ქვეყნის მომავალი. ახლა სიჩუმე დანაშაულია. ამოიღეთ ხმა, გაიფიცეთ, დადექით სტუდენტების გვერდით და ჩაერთეთ საპროტესტო პროცესებში!

განცხადებას ხელს აწერს შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი სტუდენტთა ნწილი;
  • აგრარული უნივერსიტეტი სტუდენტთა ნაწილი;
  • საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტთა ნაწილი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი.

განცხადების მიხედვით, ხელმომწერი უნივერსიტეტების სია განახლებადია და შეიძლება შეიცვალოს.

მანამდე, უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, ირინე დარჩიამ, ლიკა ღლონტმა, მარინე ჩიტაშვილმა და ქეთი ცოტნიაშვილმა ერთობლივ განცხადებას გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს, რაც, მათივე თქმით, იმას გამოიწვევს, რომ ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება პრობლემური გახდება.

ასევე, განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ENQA-ს წევრობისა და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც მოჰყვეს, რაც მათივე განცხადებით, გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.

მოგვიანებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ENQA-ს წევრობად ა EQAR-ში რეგისტრაციის სტატუსი საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებას არ უკავშირდება. განცხადებაში წერია, რომ 2019 წელს ამ ორგანიზაციებში ცენტრის გაწევრიანებამდე ქართული დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ყოფილა. 

კომენტარები