საქართველოს განათლების სამინისტრო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია შეუჩერდა

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (NCEQE) უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია EQAR-ის ოფიციალურ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი

EQAR-ის ვებსაიტზე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის რეგისტრაციის სტატუსში აღნიშნულია, რომ ცენტრის რეგისტაცია EQAR-ის განაცხადების მიღების პროცედურის 4.15-ე პუნქტის შესაბამისად შეჩერებულია. 

"უარყოფის გადაწყვეტილების შემდეგ სააგენტოს რეგისტრაცია შეჩერდება მანამ, სანამ საბოლოო გასაჩივრებაზე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ან გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება. გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღების შემდეგ, სააგენტო რეგისტრაციიდან სრულად მოიხსნება ან [რეგისტრაცია] შესაბამისად აღუდგება". - წერია აღნიშნულ პუნქტში. 

იმის შესახებ, რომ EQAR ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის შეჩერებას აპირებდა, ინფორმაცია თავდაპირველად 6 დეკემბერს გავრცელდა.  

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ENQA-ს (უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაცია) და EQAR-ის წევრობის განსაახლებლად 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ეწვია. ცენტრის თანახმად, ENQA-ს გარე შეფასებით, "ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა, როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო". 

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში".  - წერია განცხადებაში. 

ცენტრის მიხედვით, ENQA-ს დასკვნის მიღების შემდეგ EQAR-ს რეგისტრაციის განახლებისთვის მიმართეს. განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაციისგან დასკვნა ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, 2023 წლის ხარვეზის გამო ცენტრის რეგისტრაციის შეჩერება გადაწყვიტა. 

განცხადების თანახმად, ცენტრმა ხარვეზი აღმოფხვრა და შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას გაასაჩივრებენ.

ამასთან, ცენტრმა უარყო გავრცელებული ცნობები, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაციის სტატუსი საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებას უკავშირდება. 

"ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში". - წერია განცხადებაში.  

განათლების ეროვნული ცენტრის განცხადებამდე, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაციის სტატუსი საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებას უკავშირდება, ამის საწინააღმდეგო ინფორმაციას განათლების ექსპერტები ავრცელებდნენ. 

უმაღლესი განათლების ექსპერტებმა: ირინე დარჩიამ; ლიკა ღლონტმა; მარინე ჩიტაშვილმა და ქეთი ცოტნიაშვილმა ერთობლივ განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს, რაც, მათივე თქმით, იმას გამოიწვევს, რომ ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება პრობლემური გახდება.

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებისას, 2024 წლის აპრილში, ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა გამოავლინა. კერძოდ, აღინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის არსებობა, რომლის პირობებშიც ხარისხის უზუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ნიშნავს, რომ:

  • საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობასა და  ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
  • ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
  • საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს;
  • მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე" - ეწერა განცხადებაში.

კომენტარები