განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მარგიშვილის განცხადებით, ცენტრი EQAR-ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია შეუჩერდა. რადგან ცენტრი დამოუკიდებლობის სტანდარტში შეუსაბამოდ შეფასდა.
როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი განმარტავს, EQAR-ის წევრობის შეჩერება ქართული დიპლომების აღიარების საკითხზე გავლენას არ მოახდენს.
"შეფასების კომიტეტმა და EQAR-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ სტანდარტში დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრი შეფასებულიყო როგორც არ არის შესაბამისი მოთხოვნებთან, EQAR-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან. როგორც 2019-წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის წევრ, ისე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ისევ იმგვარად იქნება აღიარებული", - განაცხადა მარგიშვილმა ბრიფინგზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ EQAR ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის შეჩერებას აპირებდა, თავდაპირველად 6 დეკემბერს გავრცელდა.