განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის (ENQA) წევრობისა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის შესახებ წერს.
განცხადებაში წერია, რომ ENQA-ს და EQAR-ის წევრობის განსაახლებლად 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ეწვია. ცენტრის თანახმად, ENQA-ს გარე შეფასებით, "ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა, როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო".
"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში". - წერია განცხადებაში.
ცენტრის მიხედვით, ENQA-ს დასკვნის მიღების შემდეგ EQAR-ს რეგისტრაციის განახლებისთვის მიმართეს. განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაციისგან დასკვნა ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, 2023 წლის ხარვეზის გამო ცენტრის რეგისტრაციის შეჩერება გადაწყვიტა.
განცხადების თანახმად, ცენტრმა ხარვეზი აღმოფხვრა და შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას გაასაჩივრებენ.
"აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია". - წერია განცხადებაში.
ამასთან, ცენტრის განცხადების თანახმად, ENQA-ს წევრობად ა EQAR-ში რეგისტრაციის სტატუსი საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებას არ უკავშირდება. განცხადებაში წერია, რომ 2019 წელს ამ ორგანიზაციებში ცენტრის გაწევრიანებამდე ქართული დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ყოფილა.
"ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში". - წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარებას არ უკავშირდება.
"რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს. ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი". - წერია განცხადებაში.
მანამდე, უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, ირინე დარჩიამ, ლიკა ღლონტმა, მარინე ჩიტაშვილმა და ქეთი ცოტნიაშვილმა ერთობლივ განცხადებას გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს, რაც, მათივე თქმით, იმას გამოიწვევს, რომ ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება პრობლემური გახდება.
ასევე, განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ENQA-ს წევრობისა და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც მოჰყვეს, რაც მათივე განცხადებით, გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე.