ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლიტვა პოლიციის ძალადობას გმობს, მთავრობას ხელახალი არჩევნებისკენ მოუწოდებს

ლიტვის პარლამენტი
L. Balandis / BNS

5 დეკემბერს ლიტვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასამართლიანი იყო.

"სეიმი აცხადებს, რომ [...] საქართველოს საპარლამენტო არჩევნები [...] არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს, და არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო, მაშასადამე, [სეიმი] მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ". - წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციას მხარი 109 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე, მხოლოდ ერთი დეპუტატი - ვალიუს აჟუოლასი - იყო, ფერმერებისა და მწვანეთა კავშირიდან.

"[სეიმი] მტკიცედ გმობს საქართველოს მთავრობის ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ თბილისსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას, და მომიტინგეების უკანონო დაკავებას". - წერია მიღებულ რეზოლუციაში.

ამასთანავე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველო მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებლები მოქალაქეების ძალადობრივ დარბევაზე.

ამას გარდა, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი, უზრუნველყოს მოქალაქეების შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი გამოყენებისგან.

კომენტარები