ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ადვოკატის თქმით, ელისაშვილს სახეზე და ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნება

IPN

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ ელისაშვილს სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მან დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

"ალეკო ელისაშვილს სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება. როგორც ჩანს, მას დაკავების მომენტში სცემეს. აგრეთვე, დაზიანებები მიყენებული აქვს ზურგის არეში და ვვარაუდობთ, რომ ნეკნი აქვს მოტეხილი. ვითხოვთ, რომ ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ" - თქვა ელისაშვილის ადვოკატმა TV პირველთან საუბარში.

ადვოკატი ამბობს, რომ ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ის უბრალოდ თავს იცავდა. 

"ალეკო ელისაშვილი თავს უდანაშულოდ თვლის. ის ვიღაც ალი ბაბაევს არ იცნობდა. სწორედ მისი მხრიდან იყო პროვოკაცია და აქედან გამომდინარე, მან ელისაშვილს დედა შეაგინა, რაზეც ალეკო ელისაშვილმა საკადრისი პასუხი გასცა. ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები გვაქვს, სადაც ჩანს, რომ ალი ბაბაევი რაღაც რკინის მეტალს იღებს და ელისაშვილისკენ დასარტყმელად და მისთვის ზიანის მისაყენებლად მიდის. მან ამაზე რეაგირება მოახდინა და თავი დაიცვა. თუმცა, ამის მიუხედავად, ბრალი არა ალი ბაბაევს, არამედ ალეკო ელისაშვილს წაუყენეს". - ამბობს ელისაშვილის ადვოკატი.

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მას ბრალად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა ედება - მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლითაა აღძრული. 

შსს ელისაშვილს ქართული ოცნების წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ედავება. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო". - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები