დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

თუ ინაუგურაციამდე ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს, ჯოჯოხეთურ საზღაურს გადაიხდის – ტრამპი

დონალდ ტრამპი
Photo: Win McNamee/Getty Images

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუკი ჰამასი ღაზაში ისრაელელი მძევლებს მის ინაუგურაციამდე არ გაათავისუფლებს, "ჯოჯოხეთური საზღაური ექნება გადასახდელი". 

"[თუ] მძევლებს არ გაათავისუფლებენ 2025 წლის 25 იანვრამდე, როდესაც მე აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობას ამაყად დავიკავებ, ახლო აღმოსავლეთში და მათ, ვინც კაცობრიობის წინაშე ეს სისასტიკე ჩაიდინეს, ჯოჯოხეთური საზღაური ექნებათ გადასახდელი. [...] მათზე, ვინც პასუხისმგებლები არიან, იმაზე დიდი დარტყმა იქნება, ვიდრე ნებისმიერზე აშშ-ს ხანგრძლივ ისტორიაში". - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ისრაელის მონაცემებით, ამჟამად ჰამასის ტყვეობაში 101 მძევალია, მათ შორის ნახევარი მაინც, ისრაელის მთავრობის აზრით, ჯერჯერობით ცოცხალია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობიდან ცოცხალი სულ 117 მძევალი დაბრუნდა, მათ შორის, 4 ომის დაწყებისას გაათავისუფლეს, 27 კი ტყვეობაში დაიღუპა.

ისრაელის დათვლით, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის ტერორისტებმა 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს. მათი ნაწილი ჰამასმა ისრაელთან დადებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ გამოუშვა.

26 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ მომდევნო დღის დილის 4 საათზე ადგილობრივი დროით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ამერიკისა და საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა.

რას მოიცავს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

კომენტარები