ნამახვანის პროტესტი

ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობასა და ENKA Renewables-ს შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი. Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია გახდა.

"ხელშეკრულების გაწყვეტა საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებული პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო მოხდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღჭურვილობა და სხვა საწარმოო დანადგარები არ იყო გამოყენებული, 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 40 389 აშშ დოლარის ღირებულების წმინდა საბალანსო ღირებულების ძირითადი საშუალებების და აღჭურვილობის ჩამოწერა მოხდა" . - ნათქვამია ENKA INSAAT-ის ფინანსურ ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ENKA საქართველოში 800 მილიონი დოლარის თანხის ინვესტირებას გეგმავდა. 

საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ  ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით მიმდინარეობდა, თუმცა, ე.წ რიონის ხეობის მცველებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტდა. 2021 წლის დეკემბერში, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არ გამორიცხა, რომ კომპანია ენკას გასვლის შემთხვევაში ნამახვანჰესის პროექტი მომავალში სახელმწიფომ ან რომელიმე სხვა ინვესტორმა განახორციელოს. მან "დიდი იმედი" გამოთქვა, რომ პროექტის ირგვლივ გაჩენილი კითხვების გათვალისწინებით, ჰესი მაინც აშენდება.

მიმდინარე წლის იანვარში, თურნავამ განაცხადა, რომ თუ კომპანია ენკა უფრო მოქნილი გახდება, კომუნიკაციაში შევა მოსახლეობასთან, გარემოსდაცვით საკითხებს სწორად უპასუხებს და დაბრუნება ენდომება, ამაზე მთავრობა ინვესტორთან ისაუბრებს. 2022 წლის თებერვალში კი, ეკონომიკის მოქმედმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ "ენკას თავისი პრეტენზიები გაააჩნია, ისინი მუშა პროცესში შეფერხდნენ. კომპანიას წინადადებებიც აქვს, თუმცა, ჩვენ რაღაცებს შეიძლება ვითვალისწინებდეთ და რაღაცებს ვერა. ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და შემდეგ გვეცოდინება დეტალები".

კომენტარები