სირიის სამოქალაქო ომი

სირიაში ამბოხებულთა წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყული დაჯგუფებები გადასხეს

Ghaith Alsayed/AP

სირიაში ამბოხებულთა წინააღმდეგ სახელისუფლებო ძალების დასახმარებლად ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყული სამხედრო დაჯგუფებები გადასხეს. ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს

რამდენიმე საათის წინ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ტელეფონითაც ისაუბრეს. 

არსებული ინფორმაციით, ფეზეშქიანმა ასადს უთხრა, რომ ირანს სურდა, დამასკოსთვის ყოველგვარი დახმარება გაეწია, რაც აჯანყების ჩასახშობად იქნებოდა გამოყენებული. ამავე ტიპის განცხადება გასულ კვირას თურქეთში ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმაც გააკეთა. 

ცნობისთვის, გასულ დღეებში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა აჯანყებულებმა წლების შემდეგ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უდიდესი იერიში წამოიწყეს და დაიკავეს ქალაქი ალეპო, რომელსაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი აკონტროლებდა. აიღეს ათეულობით სხვა დასახლებული პუნქტიც.

ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს. 

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები მოქმედებებს განაგრძობენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც. 

აღნიშნული თავდასხმა, რის შედეგადაც ამბოხებულებმა საკვანძო პოზიციები დაიკავეს, სირიის სამოქალაქო ომის შედარებითი სტაგნაციის პერიოდის ფონზე ხდება. ბოლო წლების განმავლობაში ეს კონფლიქტი ძირითადად გაყინული იყო. ამბოხებულთა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ხელახალი დაწყება შესაძლოა, მათ მიერ სტრატეგიის ცვლილებასა და განახლებულ ძალისხმევაზე მიუთითებდეს - მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით. 

კომენტარები