სირიის სამოქალაქო ომი

ისრაელის არმიის თქმით, ეხმარებიან გაეროს ძალებს, რომლებსაც სირიაში თავს ესხმიან

JALAA MAREY/AFP via Getty Images

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ დახმარებას უწევს სირიაში გაეროს ძალებს, რომლებსაც "შეიარაღებული პირები" დაესხნენ თავს.

"ცოტა ხნის წინ, სირიაში, ჰადერის მიმდებარედ, შეიარაღებული პირების მხრიდან თავდასხმა მოხდა გაეროს პუნქტზე". - წერია IDF-ის განცხადებაში.

ისრაელის არმიის თქმით, ისინი ამ დროისთვის გაეროს ძალებს თავდასხმის მოგერიებაში ეხმარებიან.

"IDF განლაგებულია დამხმარე ძალებით გოლანის მაღლობების ტერიტორიაზე და გააგრძელებს მოქმედებებს, რათა დაიცვას ისრაელის სახელმწიფო და მისი მოქალაქეები".

სირიაში ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ძალები, ტერიტორიების დაკარგვას განაგრძობს, ხოლო ამბოხებულები დედაქალაქ დამასკოსკენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან წინ მიიწევენ.

ამასთანავე, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS News-თან უკვე განაცხადეს, რომ დამასკოს გარეუბნების აღება ამბოხებულებმა უკვე დაიწყეს.

წინა კვირას დაწყებული იერიშიდან დღემდე, ამბოხებულებმა მნიშვნელოვანი ქალაქები, მათ შორის, ალეპო და ჰამა, აიღეს, და ჰომსში შედიან.

ასადის ძალებმა ტერიტორიები დაკარგეს ქვეყნის სამხრეთშიც. გამოცემა Reuters წერს, რომ სირიის სამხრეთით მდებარე დარის რეგიონში, ადგილობრივმა ძალებმა ალ-ჰარაკის დასახლებასთან მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ბაზა დაიკავეს.

ღია წყაროების მიხედვით, ასადის რეჟიმმა სამხრეთით სხვა დასახლებებიც დაკარგა. 

ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს. 

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები მოქმედებებს განაგრძობენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.

კომენტარები