სირიის სამოქალაქო ომი

ასადის ძალები სირიის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ტერიტორიების დაკარგვას განაგრძობს

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ნატყვიარი პლაკატი ჰამაში მეამბოხეების მიერ ქალაქის დაკავების შემდეგ
AP Photo/Omar Albam

Reuters-ისა და AFP-ის ცნობით, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არმია ქვეყნის ჩრდილოეთით ტერიტორიების დაკარგვის ფონზე, კონტროლს ქვეყნის სამხრეთით, იორდანიის საზღვართანაც კარგავს. ინფორმაციას ღია წყაროებიც ადასტურებს.

გამოცემა Reuters წერს, რომ სირიის სამხრეთით მდებარე დარის რეგიონში, ადგილობრივმა ძალებმა ალ-ჰარაკის დასახლებასთან მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ბაზა დაიკავეს.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო AFP ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის ხელმძღვანელზე, რამი აბდელ რაჰმანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადგილობრივმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა იორდანიის საზღვარზე ნასიბის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავეს. 

"შეიარაღებულმა ჯგუფებმა იორდანიასთან ნასიბის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაიგდეს ხელში, ასევე ახლო მდებარე გამშვები პუნქტები და დასახლებები". - თქვა რაჰმანმა გამოცემასთან საუბრისას.

ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია ასევე ავრცელებს ცნობებს, რომ ასადის ძალები ტერიტორიას დარის რეგიონის მოსაზღვრე რეგიონში, ელ-სუვაიდაშიც ტოვებენ. 

ობსერვატორიის თქმით, ადგილობრივმა ძალებმა ქალაქ ელ-სუვაიდაში ან მის მახლობლად ციხე, პოლიციისა და სამხედრო შენობები დაიკავეს. 

ღია წყაროების მიხედვით, ასადის რეჟიმმა სამხრეთით სხვა დასახლებებიც დაკარგა.  

მანამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არმიამ ქალაქი დეირ ეზ-ზორი, იგივე დაირ ელ-ზავრი დატოვა. ეს ქალაქი ამავე სახელწოდების რეგიონის ცენტრია. 

X-ზე გავრცელებულ ცნობებში ნათქვამია, რომ დეირ ეზ-ზორის ქალაქი სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) და აშშ-ს მიერ გაძღოლილმა კოალიციურმა ძალებმა დაიკავეს. მათ კონტროლი დაამყარეს ამავე მიდამოებში მდებარე სამხედრო აეროპორტზეც.

ძირითადად ქურთების მიერ დაკომპლექტებულმა SDF-მა წინსვლა თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების პარალელურად, აღმოსავლეთ სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე დაიწყო.

პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ქალაქი ჰამას დაკავების შემდეგ, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები ჰომსში შესვლას იწყებენ.

ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს. 

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები მოქმედებებს განაგრძობენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.

კომენტარები