რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიაში, მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ტერიტორიების დაპყრობის საშუალების მიცემა "მიუღებელია".
აღნიშნული განცხადება ლავროვმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გააკეთა მას შემდეგ, რაც იგი სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თურქ და ირანელ კოლეგებს შეხვდა.
"მიუღებელია, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს საშუალება მიეცათ, შეთანხმების დარღვევით, კონტროლი დაამყარონ ტერიტორიებზე". - განაცხადა ლავროვმა დოჰაში გამართულ ფორუმზე.
რუსეთი, რომელიც დიდი ხანია, რაც სირიის მოკავშირეა, 2015 წელს ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამოქალაქო ომში ჩაერთო. რუსეთს სირიაში განლაგებული ჰყავს სამხედრო ნაწილები და აკონტროლებს საზღვაო და საავიაციო ბაზებს ტარტუსისა და ლატაკიის ქალაქებში.
ლავროვის თქმით, რუსეთი "სირიის არმიას ეხმარება, რათა ტერორისტების თავდასხმებს გაუმკლავდეს".
სირიაში ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ძალები, ტერიტორიების დაკარგვას განაგრძობს, ხოლო ამბოხებულები დედაქალაქ დამასკოსკენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან წინ მიიწევენ.
ამასთანავე, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS News-თან უკვე განაცხადეს, რომ დამასკოს გარეუბნების აღება ამბოხებულებმა უკვე დაიწყეს.
წინა კვირას დაწყებული იერიშიდან დღემდე, ამბოხებულებმა მნიშვნელოვანი ქალაქები, მათ შორის, ალეპო და ჰამა, აიღეს, და ჰომსში შედიან.
ასადის ძალებმა ტერიტორიები დაკარგეს ქვეყნის სამხრეთშიც. გამოცემა Reuters წერს, რომ სირიის სამხრეთით მდებარე დარის რეგიონში, ადგილობრივმა ძალებმა ალ-ჰარაკის დასახლებასთან მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ბაზა დაიკავეს.
ღია წყაროების მიხედვით, ასადის რეჟიმმა სამხრეთით სხვა დასახლებებიც დაკარგა.
ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს.
ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები მოქმედებებს განაგრძობენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.