ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, აქედან 24 პირი აქციის მონაწილეა, 12 - პოლიციელი და 1 - მედიის წარმომადგენელი.
"არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, სულერთია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ურყევია და ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელი და შეუწყნარებელია...
...უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც შედიან პოლიციელები, მათ აღენიშნებათ დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი.
ყველას მოვუწოდებ, უკლებლივ, დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინ როცა არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათო პროდუქტია, საზიანოა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რათა გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ამბობს სარჯველაძე.
ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებითვე, "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსებულია საჭიროზე მეტი რაოდენობით, იმ ადგილებზე, სადაც იმართება ეს აქციები და შესაბამისად, პრაქტიკულად მყისიერი სამედიცინო დახმარება უკლებლივ ყველა ადამიანისთვის, ვისაც არ უნდა დასჭირდეს, უზრუნველყოფილი იყო ადგილზეც და მთელი ამ დღეების განმავლობაშიც".





