ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, საპროტესტო აქციებზე ყოველდღიურად 40-70 ადამიანს აკავებენ. ამ რაოდენობის საქმეებს კი, სასამართლო ვეღარ უმკლავდება.
"იჭერენ იმათ, ვინც ხელში მოხვდებათ, ვისაც ალყაში აქცევენ. შესაბამისად, დაკავება თვითნებურ ხასიათს ატარებს.
ამ რაოდენობით საქმეს ვეღარ უმკლავდება ვეღარც სასამართლო. მართალია, მოსამართლეები ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებენ, თუმცა, ამის მენეჯმენტიც დროს მოითხოვს. ამიტომ, 2 დღის წინ დაკავებულების ნაწილი, რომელთაც ამოეწურათ დაკავების 48-საათიანი ვადა, დღეს ისე გამოუშვეს, სასამართლოში აღარ გადაიყვანეს. როგორც ჩანს, მათი სასამართლო პროცესები უახლოეს პერიოდში არ იქნება" - წერს ქურდოვანიძე.
29 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. შედეგად, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.
ბოლო ოთხი დღეა, სპეცრაზმი მიტინგებს ძალადობრივად შლის. წყლის ჭავლის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარდა, კრიმინალური პოლიცია სცემს და აკავებს მომიტინგეებს. მათ შორის, გასულ ღამეს დაარბიეს რუსთაველის მეტროში ჩასული მოქალაქეები.