დღეს, როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი წინასწარ, მოვიწვიე აქ, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიები, ქარტიის [ხელმომწერი] პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და, ინდივიდუალურად, ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ სამოქალაქო სექტორს და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამ ქვეყნაში ნამდვილად შედგა, აქაც შედგა, ამ სასახლეში, ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საითკენ მივდივართ და საითკენ არ მივდივართ. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ირგვლივ, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი გამოცხადებული ყველასი მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებამ, თავის მთლიანობაში, არ გადაუხვია და რჩება ერთგული ამ მიზნის.
ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რამე ორგანიზაციისგან, თვითორგანიზებული და სპონტანური, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ პრაქტიკულად, დღეს არ არის ქალაქი საქართველოში, რომელიც არ არის ჩართული ამ პროტესტში და ძალიან სპონტანურად, მოიცავს ყველა თაობას და ყველა პროფესიას, ყველა სოციალურ სფეროს.
ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით და თვითორგანიზებით. არ სჭირდება, და ამაზე შევთანხმდით ყველა, არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, ცხადია, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და სჭირდება დაცვა.
მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს: ეს არის პირველ რიგში საზოგადოების და არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე იყვნენ წარმოდგენილი. პირდაპირი მნიშვნელობით დაცვა, სამართლებრივი დაცვა იმ ადამიანების, რომლებიც დაჭერილი არიან, მათი არდავიწყება, ეს არის საზოგადოებრივი მორალური ვალდებულება და ასევე ჩვენი ვალდებულება.
ჩვენ [უნდა] მივმართოთ ასევე ყველა უწყებას, რომ დაცული იყვნენ, ვინც დაშავდა და ჩემი პირდაპირი მოვალეობა არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელია ის ქმედებები, რასაც ჩვენ ვხედავთ.