გავრცელდა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის პირველი კომენტარი, რომელიც მან ამბოხებულთა ახალი წარმატებული იერიშის შემდეგ გააკეთა. სიტყვები მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. ასადი ამბოხებულთა საკითხს არაბთა გაერთიანებული საამიროს პრეზიდენტთან საუბრის დროს შეეხო.
"პრეზიდენტმა ასადმა სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ სირია აგრძელებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ტერორისტებისგან და მათი მხარდამჭერებისგან და შეუძლია მათი დამარცხება და განადგურება მოკავშირეებისა და მეგობრების დახმარებით." – ნათქვამია ცნობაში.
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ასადი მოსკოვიდან სირიაში დაბრუნდა.
გასულ დღეებში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა აჯანყებულებმა წლების შემდეგ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უდიდესი იერიში წამოიწყეს და ქალაქი ალეპო დაიკავეს. აიღეს ათეულობით სხვა დასახლებული პუნქტიც.
ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები წინსვლას განაგრძობენ. მოქმედებებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა ჯგუფებიც.