მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც ისრაელსა და ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციას შორის ბრძოლა, სავარაუდოდ, შეწყდება.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Channel 12-მა გაავრცელა, ხოლო მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ძალაში 27 ნოემბრიდან შევა.
შეთანხმებასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ წინასწარ ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ "ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში. ჩვენ დავიცავთ შეთანხმებას და ძლიერად ვუპასუხებთ ნებისმიერი სახის დარღვევას. ერთად ჩვენ გამარჯვებამდე გავაგრძელებთ".
ამას გარდა, ნეთანიაჰუს თქმით, ჰეზბოლა "აღარ არის ის, რაც" ისრაელის იერიშამდე იყო და სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც იგი აღნიშნულ შეთანხმებას მხარს უჭერს. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ისრაელი შეძლებს, ირანულ საფრთხეზე კონცენტრირდეს. მეორე, ისრაელი ქვეყნის სამხედრო ძალებსა და აღჭურვილობას აღიდგენს და მესამე, ამ გზით ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის იზოლირებას მოახერხებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, თუმცა, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო მოქმედებები 60 დღის განმავლობაში შეწყდება, ხოლო მიზანი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1701-ე რეზოლუციის შესრულება იქნება იმ იმედით, რომ ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
1701-ე რეზოლუცია 2006 წელს ისრაელსა და ლიბანს შორის 34-დღიანი ომის შემდეგ მიიღეს. რეზოლუციის მიხედვით, ისრაელს სამხრეთ ლიბანიდან ყველა სამხედრო ძალები უნდა გაეყვანა და ლიტანის მდინარის სამხრეთით ერთადერთი შეიარაღებული ჯგუფები გაეროს მშვიდობისმყოფელი ძალები და ლიბანის არმია უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, ჰეზბოლამ არ დატოვა მდინარე ლიტანის სამხრეთი ტერიტორია, უარი თქვა განიარაღებაზე და ისრაელის საზღვრის სიახლოვეს რჩებოდა, ხოლო 2022 წლიდან ჰეზბოლამ ისრაელთან შეტაკებები განაახლა.