ოკუპირებული აფხაზეთი

ასლან ბჟანიას თქმით, ის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ მიიღებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ აპირებს. ამასთან დაკავშირებით ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარმა ბჟანიამ რუსული სამთავრობო არხის, ТАСС-ის ინტერვიუში ისაუბრა.

ბჟანიას თქმით, ის "აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს" და წარადგენს თავის კანდიდატურას.

"აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, ჩემი გუნდი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მე წარვადგენ კანდიდატურას" - თქვა ბჟანიამ ინტერვიუში.

რამდენიმე დღით ადრე, ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 2025 წლის თებერვალში ჩატარდება.


15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

19 ნოემბერს ბჟანია დე ფაქტო ოპოზიციის ზეწოლით თანამდებობიდან გადადგა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის თებერვალში გაიმართება.

კომენტარები