არჩევნები 2024

იმედის მიმართვის საფუძველზე, ნიკო მანაგაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის ლიდერი, აქტივისტი ნიკო მანაგაძე Facebook-ზე წერს, რომ TV იმედის მიმართვის საფუძველზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და უწყებაში უნდა გამოცხადდეთო.

რა მოხდა: ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე (მთავარი არხის ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევასა და მის უკანონოდ დაკავებას - და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს წინა ხელისუფლების კონტექსტში).

და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ “პოლიციელებზე” კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) ბრტუალური მეთოდებით მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ “კოლეგებს”.

პ.ს. ტელეკომპანია იმედმა მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო". - წერს მანაგაძე.

გუშინ, 20 ნოემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყებამ 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციის დროს, სხვადასხვა არხის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები