არჩევნები 2024

მედიაკოალიცია: ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაში პასუხისმგებლობა ოცნებას ეკისრება

Marika Mikiashvili/დაიტოვე

მედია ადვოკატების კოალიცია დღეს, 19 ნოემბერს დილის საათებში ჭავჭავაძე-მელიქიშვილზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას ეხმაურება. 

კოალიციის მიხედვით, დარბევის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ოთხ ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს ან ხელი შეუშალეს მუშაობაში.

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორებისა და ჟურნალისტებზე,  მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს განხორციელდა. კერძოდ: პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე; სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში; სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება " – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის მიხედვით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება და მოუწოდებს შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეტყვიტონ ძალადობა და დაიწყონ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიება.

"აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას. მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტია ქართულ ოცნებას, რომელიც არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, და საკუთარი ქმედებებით, პირიქით ახალისებს და ხელს უწყობს ძალადობრივ გარემოს" – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები