ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკომ არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა.
"ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით". - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
12 ნოემბერს, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიციამ ცვლილებისთვის ცესკოს საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ასევე, მანდატებზე უარის თქმის განცხადებები დაწერეს კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებმაც.
საპასუხოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ და არც პირადი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში.





