ნორვეგიელი ნეონაცისტი ტერორისტი და მასობრივი მკვლელი, ანდერს ბრეივიკი, რომელსაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანის მკვლელობისთვის 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ვადაზე ადრე გათავისუფლებას უკვე მეორედ ითხოვს.
18 ნოემბრის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოს ბრეივიკის მოთხოვნა უნდა განეხილა, ტერორისტი თავზე დატანილი Z ასოთი გამოჩნდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი პროპაგანდისტული სიმბოლოა.
ბრეივიკს თან სახლში დამზადებული პლაკატი ჰქონდა, რომელზეც რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხარდამჭერი გზავნილები ეწერა.
ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით ბრეივიკმა სასამართლოს მიმდინარე წლის ივნისში მიმართა.
როგორც ბრეივიკის ადვოკატი გამოცემა AFP-ს ეუბნება, ნაკლებსავარაუდოა, რომ სასამართლომ ბრეივიკის პირობითი გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
მიუხედავად ამისა, ბრეივიკი იმედოვნებს, რომ იგი ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება, რადგან მას "ნორვეგიის სახელმწიფოსთვის უზარმაზარი დახმარების გაწევა შეუძლია".
"თუ მე მომავალში ციხის დატოვების შესაძლებლობას მომცემენ, მე შემეძლება უზარმაზარი დახმარება გავუწიო ნორვეგიის სახელმწიფოს და ეს არის ის, რასაც მე ძალიან სერიოზულად ვუდგები. მეორე მხრივ, [თუ ეს არ მოხდა], მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ენას არ ამოვიღებ. თუმცა, ეს მოსამართლის გადასაწყვეტია". - თქვა ბრეივიკმა სასამართლო სხდომამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნორვეგიელი ტერორისტი ციხის ვადაზე ადრე დატოვებას ითხოვს. 2022 წელს ბრეივიკი პირობით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. ბრეივიკი აცხადებდა, რომ მისი იდეოლოგიის არ შეცვლის მიუხედავად, ის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აპირებდა ნაცისტურ იდეათა გავრცელებას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბრეივიკის ეს პოზიცია არასანდო იყო და იგი საზოგადოებისთვის კვლავ წარმოადგენს საფრთხეს. ამავე წლის 19 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე შესული ბრეივიკი დამსწრეებს ნაცისტური სალმით მიესალმა.
ბრეივიკი ნეონაცისტი ტერორისტი და მასობრივი მკვლელია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. 8 ადამიანის სიცოცხლე ოსლოში მის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ემსხვერპლა. 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები, ბრეივიკმა ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს მოკლა. ტერაქტს ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი.
ბრეივიკი ტერაქტებს წლების განმავლობაში გეგმავდა. მას ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვადის გაზრდის შესაძლებლობით.






