ანდერს ბრეივიკი

ბოდიში იმისთვის, რაც ჩავიდინე – მასობრივი მკვლელი ბრეივიკი სასამართლოზე ატირდა

ანდერს ბერინგ ბრეივიკი
Reuters

ნეონაცისტი ტერორისტი და მასობრივი მკვლელი ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა, 9 იანვარს სასამართლო დარბაზში ატირდა და განაცხადა, რომ ციხეში იზოლაციაში ყოფნა მისთვის "კოშმარია". ბრეივიკის თქმით, მას თვითმკვლელობაზე ფიქრები ყოველდღე აწუხებს.

"არამგონია, რომ ადამიანებთან არსებითი ურთიერთობის გარეშე კიდევ დიდხანს გადარჩენა შევძლო". - განაცხადა ბრეივიკმა სასამართლო მოსმენაზე. "მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და ადამიანის გამძლეობას საზღვარი აქვს.  ყოველი დღე კოშმარია. თავის მოკვლაზე ყოველდღე ვფიქრობ". - დაამატა მან, რა დროსაც სასამართლო დარბაზში ატირდა.

ადვოკატის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი უტოიაზე (სადაც მან 69 ადამიანი, ძირითადად მოზარდი, მოკლა), მან უპასუხა: "ბოდიში იმისთვის, რაც ჩავიდინე. მზად ვარ, პოლიტიკაზე ხელი ავიღო".

ბრეივიკმა ნორვეგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისთვის სასამართლოში სარჩელი უკვე მეორედ შეიტანა. მისი მტკიცებით, სხვა პატიმრებისგან მისი იზოლაცია და ინდივიდუალურ პატიმრობაში ყოფნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაა. ხოლო მისი ადვოკატის თქმით, ბრეივიკს გარე სამყაროსთან ადამიანებთან ურთიერთობა არ აქვს, რადგან მას წერილების გაგზავნის საშუალება არ აქვს, რაც, ადვოკატის მტკიცებით, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევაა.

პირველად მსგავსი სარჩელი ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის სამოქალაქო სასამართლოში 2016 წელსაც შეიტანა და ქვედა ინსტანციის სასამართლომ მისთვის სასარგებლო ვერდიქტი გამოიტანა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, ხოლო უზენაესმა უარი თქვა საქმის განხილვაზე. ბრეივიკის სარჩელი ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც არ მიიღო.

2022 წელს ბრეივიკი პირობით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. ბრეივიკი აცხადებდა, რომ მისი იდეოლოგიის არ შეცვლის მიუხედავად, ის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აპირებდა ნაცისტურ იდეათა გავრცელებას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბრეივიკის ეს პოზიცია არასანდო იყო და იგი საზოგადოებისთვის კვლავ წარმოადგენს საფრთხეს. ამავე წლის 19 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე შესული ბრეივიკი დამსწრეებს ნაცისტური სალმით მიესალმა.

ნორვეგიის სასამართლო სისტემა დიდ მნიშვნელობას პატიმრების რეაბილიტაციას ანიჭებს. ანდერს ბრეივიკი ორ-სართულიან კომპლექსშია მოთავსებული, რომელსაც სამზარეულო და სასადილო, ასევე სავარჯიშო ოთახი აქვს. ამას გარდა, ბრეივიკს წვდომა აქვს ტელევიზორსა და Xbox-ზე.


ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. 8 ადამიანის სიცოცხლე ოსლოში მის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ემსხვერპლა. 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები, ბრეივიკმა ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს მოკლა. მას ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვადის გაზრდის შესაძლებლობით.

კომენტარები