ანდერს ბრეივიკი

მასობრივი მკვლელი ბრეივიკი ნორვეგიას ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისთვის უჩივის

GETTY IMAGES

ნეონაცისტი ტერორისტი და მასობრივი მკვლელი ანდერს ბერინგ ბრეივიკი ნორვეგიის სახელმწიფოს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისთვის უჩივის.

ბრეივიკის მტკიცებით, სხვა პატიმრებისგან მისი იზოლაცია და ინდივიდუალურ პატიმრობაში ყოფნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაა. მისი ადვოკატის თქმით, ბრეივიკს გარე სამყაროსთან ადამიანებთან ურთიერთობა არ აქვს, რადგან მას წერილების გაგზავნის საშუალება არ აქვს, რაც, ადვოკატის მტკიცებით, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევაა.

მსგავსი სარჩელი ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის სამოქალაქო სასამართლოში 2016 წელსაც შეიტანა და ქვედა ინსტანციის სასამართლომ მისთვის სასარგებლო ვერდიქტი გამოიტანა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, ხოლო უზენაესმა უარი თქვა საქმის განხილვაზე. ბრეივიკის სარჩელი ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც არ მიიღო.

2022 წელს ბრეივიკი პირობით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. ბრეივიკი აცხადებდა, რომ მისი იდეოლოგიის არ შეცვლის მიუხედავად, ის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აპირებდა ნაცისტურ იდეათა გავრცელებას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბრევიკის ეს პოზიცია არასანდო იყო და იგი საზოგადოებისთვის კვლავ წარმოადგენს საფრთხეს. ამავე წლის 19 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე შესული ბრეივიკი დამსწრეებს ნაცისტური სალმით მიესალმა.

ნორვეგიის სასამართლო სისტემა დიდ მნიშვნელობას პატიმრების რეაბილიტაციას ანიჭებს. ანდერს ბრეივიკი ორ-სართულიან კომპლექსშია მოთავსებული, რომელსაც სამზარეულო და სასადილო, ასევე სავარჯიშო ოთახი აქვს. ამას გარდა, ბრეივიკს წვდომა აქვს ტელევიზორსა და Xbox-ზე.


ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. 8 ადამიანის სიცოცხლე ოსლოში მის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ემსხვერპლა. 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები, ბრეივიკმა ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს მოკლა. მას ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვადის გაზრდის შესაძლებლობით. 

კომენტარები