ანდერს ბრეივიკი

ბრეივიკმა ნორვეგიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო

ანდერს ბრეივიკი
AFP

მასობრივმა მკვლელმა ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის მთავრობას სასამართლო პროცესი მოუგო. მან მთავრობას ციხეში "არაჰუმანური მოპყრობის" მიზეზით მარტში უჩივლა.

ბრეივიკის მტკიცებით, ციხის პირობები, რომელშიც ის იმყოფებოდა, ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ერთი თვის წინ, სასამართლო მოსმენაზე მასობრივმა მკვლელმა თქვა, რომ ციხის ადმინისტრაცია სხვა რადიკალ მემარჯვენე აქტივისტებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა. იგი, ასევე, უკმაყოფილო იყო სამარტოო საკანში ყოფნის, მის მიმართ ბორკილების ხშირი გამოყენების, რეგულარული შემოწმებისა და ღამე გაღვიძების გამო.

მთავრობის ადვოკატების მტკიცებით, ანდერს ბრეივიკის კომუნიკაცია სხვა აქტივისტებთან საფრთხის შემცველია, რადგან მან შეიძლება, მათზე გავლენა იქონიოს.

სასამართლომ ნორვეგიის მთავრობას 330 000 კრონის ოდენობით ანდერს ბრეივიკის სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაც დაავალა.

ამასთან, ბრეივიკი მოითხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას და ოჯახის წევრებთან მიმოწერის შესაძლებლობას, თუმცა, ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, 2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა ოსლოს სამთავრობო უბანში, შემდეგ კი თავს დაესხა ლეიბორისტული პარტიის ახალგზრდული ორგანიზაციის საზაფხულო ბანაკს.

აფეთქებას ემსხვერპლა 8 ადამიანი, ხოლო 69 დაიღუპა საზაფხულო ბანაკზე თავდასხმისას. დაღუპულთა უმეტესობა მოზარდები იყვნენ.

კომენტარები