პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ოთხი ოპოზიციური პარტიის ევროკავშირში გაგზავნილი წერილი "საუკუნის თავზე" სერგო ორჯონიკიძის "ცნობილი გზავნილია", რომელიც მან მოსკოვს გაუგზავნა.
"თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს" - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ამასთან, პრემიერი მადლობას უხდის შსს-ს, რომელიც "სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს".
ისინი ყოველდღიურად ავლენენ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ის 785000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს და, საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს იმისათვის, რომ მათ სათანადოდ მართეს ეს პროცესები დღემდე და რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება პროცესების მართვა მომდევნო დღეების განმავლობაშიც. საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომელიც სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სტაბილურობა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება" - თქვა კობახიძემ.
4 პროდასავლური ოპოზიციური პარტია – კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, ენმ და გახარია საქართველოსთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოსეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობილივი წერილით მიმართავს.





