4 პროდასავლური ოპოზიციური პარტია – კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, ენმ და გახარია საქართველოსთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოსეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობილივი წერილით მიმართავს.
წერილის მიხედვით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ, ჯამში, ხმების 52% მიიღო, თუმცა ქართულმა ოცნებამ შედეგები გააყალბა. ამის მტკიცებულებად, ოპოზიციის წერილში მაგალითად მოყვანილია დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების, როგორიცაა Edison Research და HarrisX-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ევროკავშირს, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად შემდეგი ნაბიჯები გადადგას:
- ჩაატაროს გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და არჩევნებში როგორც შიდა, ასევე გარე ჩარევასთან დაკავშირებით.
- მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ მოიწვიოს პარლამენტი მანამ, სანამ გამოძიება და შეფასება არ დასრულდება.
- დეკლარირება მოახდინოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების გამო.
- შეაჩეროს ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან.
- შეაჩეროს ხელისუფლების დაფინანსება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო), სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები ცნობილი არ იქნება და სანაცვლოდ ევროკავშირმა აღნიშნული დაფინანსება გამოუყოს არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას.
წერილში ოპოზიციური პარტიები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნა 2025 წელს ხელახალი არჩევნების ჩატარებაა გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოთი, პოლიტიკურად ბალანსირებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით.