დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე კრის რაითი დაასახელა

კრის რაითი (შუაში) 
Lucas Jackson/Reuters/File

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ნავთობსაბადოების მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, კრის რაითი დაასახელა. 

"კრისი ერთ-ერთი პირველია იმათგან, ვინც ხელი შეუწყო ამერიკული ფიქლის რევოლუციის დაწყებას, გააძლიერა აშშ-ს ენერგოდამოუკიდებლობა და სრულად გარდაქმნა გლობალური ენერგობაზარი და გეოპოლიტიკა. როგორც ენერგეტიკის მინისტრი, კრისი მნიშვნელოვანი ლიდერი იქნება, რომელიც ინოვაციას შეუწყობს ხელს, [შეამცირებს ბიუროკრატიას] და გაგვიძღვება ამერიკული კეთილდღეობისა და გლობალური მშვიდობის ოქროს ხანისკენ". - წერია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში. 

რაითი ნავთობსერვისების კომპანია Liberty Energy-ს აღმასრულებელი დირექტორია. როგორც ამას გამოცემა The Guardian წერს, ბევრი მოელის, რომ რაითი ტრამპის გეგმას, მაქსიმალურ დონემდე გაზარდოს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვება და ელექტროენერგიის გენერირება, მხარს დაუჭერს.

გამოცემის ცნობითვე, სავარაუდოა, რომ რაითი ასევე გაიზიარებს ტრამპის პოზიციას კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად გლობალური თანამშრომლობიდან გამოთიშვაზეც. 

რაითი სკეპტიკურადაა განწყობილი კლიმატის ცვლილების საკითხის მიმართ. 

"არ არსებობს კლიმატის კრიზისი და ჩვენ არც ენერგეტიკული გადასვლის პროცესში ვართ". - თქვა რაითმა გასულ წელს გამოქვეყნებულ ვიდეოში

რაითს, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ხშირად დაუწერია უფრო მეტი წიაღისეული საწვავის მოპოვების აუცილებლობაზე სიღარიბის შემცირების მიზნით. 

კომენტარები