ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რომის პაპი ფრანცისკე ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს შეხვდა

REUTERS

14 ნოემბერს ჰამასის მიერ გათავისუფლებული მძევლებისა და მათი ნათესავების დელეგაცია რომში ადგილობრივ ებრაულ თემთან და რომის პაპ ფრანცისკესთან შესახვედრად ჩავიდა. დელეგაცია 16 ადამიანისგან შედგებოდა - ათი ქალი, ოთხი მამაკაცი და ორი ბავშვი.

ოფიციალური ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მას ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფი ნათესავების პოსტერები ანახეს, რომლებზეც ასევე იყო მითითებული მათი სახელები და ასაკი.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ პაპს მაისური აჩუქა, რომელზეც ტყვედ აყვანილი ტალ შოჰამის სახელი ეწერა. შოჰამი ტყვეობაში თავის ცოლთან, შვილებთან, დედამთილთან და სხვა ნათესავებთან ერთად წაიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობიდან ცოცხალი სულ 117 მძევალი დაბრუნდა, მათ შორის, 4 ომის დაწყებისას გაათავისუფლეს, 27 კი ტყვეობაში დაიღუპა. ისრაელის მონაცემებით, ამჟამად ჰამასის ტყვეობაში 101 მძევალია, მათ შორის ნახევარი მაინც, ისრაელის მთავრობის აზრით, ჯერჯერობით ცოცხალია.

პრესკონფერენციის დროს, დელეგაციის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, რომ ჰამასის ტყვეობიდან მძევლების რაც შეიძლება მალე გასათავისუფლებლად ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული:

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ტრამპი და ბაიდენი ახლა ერთად იმუშავებენ მძევლების ზამთრამდე გათავისუფლებისთვის... მათ იმდენად უჭირთ, რომ ვერ გვექნება კიდევ ერთი ზამთრის გადატანის იმედი".  - თქვა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, შერონ ლიფშიცმა.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა მძევლების და დაკარგული ოჯახების ფორუმი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისრაელის საელჩოები რომსა და ვატიკანში, მთავრობის მძევლების განყოფილება და თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები