საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის თქმით, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს, რამაც ასევე რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
"დღეს ჩვენ, საპატიო სტუმართან, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად ბუნდესვერის დაარსების დღეს აღვნიშნავთ. მე ვამაყობ თავდაცვის სფეროში გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით და საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი გერმანიის მხარდაჭერით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს და საქართველოში რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია". - წერს X-ზე ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტში ფიშერი.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე ესწრებოდა.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა სამხედრო პროექტებზეა საუბარი.
მიმდინარე წლის ივლისში გერმანიის მთავრობამ საქართველოს მიმართ რაიმე ახალ ფინანსური ვალდებულების აღებაზე უარი თქვა. ბუნდესვერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა წვრთნებში ღირსეული პარტნიორი.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის საქართველოს მიმართ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები და ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური თანხმობები ამჟამად არ არის. ბუნდესვერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა წვრთნებში ღირსეული პარტნიორი. ჩვენ ასევე გავაუქმეთ ყველაზე დიდი ფორუმი სამართლის დარგში, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. განვიხილავთ ასევე შემდგომ ზომებს" - თქვა გერმანიის ელჩმა.
აქამდე, 5 ივლისს პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში და დასავლეთის მიმართ ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების ფონზე, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2024. ღირსეული პარტნიორის სწავლებები ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პერიოდულად ტარდებოდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ოქტომბერში, პირველად 10 წლის განმავლობაში, ოფიციალურმა ლონდონმა გადაწყვიტა გაეყინა უორდროპის დიალოგი მინისტრებს შორის. ამასთან ერთად, გააუქმეს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები და შეაჩერეს კიბერუსაფრთხოების პროგრამა.
ივლისში კი ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.