დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ტულსი გაბარდი დაასახელა

დონალდ ტრამპი და ტულსი გაბარდი
Photo: AP/Carolyn Kaster

არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ყოფილ დემოკრატ კონგრესმენს, ტულსი გაბარდს დანიშნავს

"20 წელიწადზე მეტია, რაც ტულსი ჩვენი ქვეყნისთვის და ყოველი ამერიკელის თავისუფლებისთვის იბრძვის. როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის ნომინანტს, მას მხარდაჭერა ჰქონია ორივე პარტიაში - და ის ახლა ამაყი რესპუბლიკელია! მე მჯერა, რომ ტულსი ჩვენს სადაზვერვო საზოგადოებას უშიშარ სულისკვეთებას მოუტანს, რამაც მისი ბრწყინვალე კარიერა განსაზღვრა, მხარს დაუჭერს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და ძლიერების მეშვეობით მშვიდობას შეინარჩუნებს". - წერია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში. 

გაბარდმა დემოკრატიული პარტია 2022 წელს, კონგრესში ჰავაის 8-წლიანი წარმომადგენლობის შემდეგ დატოვა. იგი 2020 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა პრაიმერის განმავლობაშივე კანდიდატურა მოხსნა. 

გაბარდი ტრამპს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისთან 10 სექტემბრის დებატებისთვის მოსამზადებელ პროცესებშიც დაეხმარა. 

როგორც გამოცემა CNN წერს, გაბარდი იზიარებდა ტრამპის გარკვეულ იზოლაციონისტურ შეხედულებებს, მათ შორის, მოსაზრებას სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. 

"2022 წლის დასაწყისში გაბარდმა გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიზეზი უკრაინაში შეჭრისთვის, როდესაც მან ეს არა მოსკოვს, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომას გადააბრალა, ეღიარებინათ "რუსეთის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, როცა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე დაიწყო მსჯელობა - ეს მემარჯვენე წრეებში გავრცელებული შეხედულება იყო". - წერს CNN. 

2019 წელს, როდესაც გაბარდმა საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობა გადაწყვიტა, ჰილარი კლინტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ გაბარდზე რუსეთი გავლენის მოხდენას ცდილობდა, რათა გაბარდს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე პარტიის კანდიდატად მიეღო მონაწილეობა. 

რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ

კომენტარები