კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების გაყალბების სავარაუდო საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვისთვის დაიბარეს.
"გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.
დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული.
ცხადია, ოცნების პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე". - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო - არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციები.
არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის სხვა ლიდერებიც, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე.
საქმეზე ასევე გამოიკითხა გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.





