არჩევნები 2024

გვარამია: კამერებთან პირობა დავდეთ, ვის რაში აინტერესებს ცესკო როგორ განმარტავს კანონს

ნიკა გვარამია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ცესკოს განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ წარდგენილი სიიდან არავინ შევა პარლამენტში.

გვარამიას თქმით, ახსოვს "2020-ში "არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და ჩვენი შესვლით არ მივანიჭებთ ლეგიტიმურობას" ტექსტები და ამის მერე პარლამენტში შელაგებული ამ ტექსტის ავტორებიც".

"მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?!

კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებთ და არ უნდა ამას მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!

მახსოვს 2020-ში "არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და ჩვენი შესვლით არ მივანიჭებთ ლეგიტიმურობას" ტექსტები და ამის მერე პარლამენტში შელაგებული ამ ტექსტის ავტორებიც გადასარევად მახსოვს". - წერს გვარამია.

კოალიციებმა, ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ და ცვლილებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმებისთვის დღეს, 12 ნოემბერს მიმართა.

მანდატის დატოვების შესახებ ცესკოს განცხადებით მიმართეს ძლიერი საქართველოს საარჩევნო სიის წევრებმაც. 

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ძლიერი საქართველოს წევრები აცხადებენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის თქმით, ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში მყოფი კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმება კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის არც პარტიების და არც ინდივიდუალური განცხადებებით მიმართვის შემთხვევაში.

 

კომენტარები