სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, "ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი", რათა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება უმოკლეს ვადებში მოხდეს.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". - წერია განცხადებაში.