დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა მომავალ ადმინისტრაციაში გაეროში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ელის სტეფანიკი დაასახელა

ელის სტეფანიკი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი

აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარე, ელის სტეფანიკი დაასახელა. ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს

"მაქვს პატივი, დავასახელო თავმჯდომარე ელის სტეფანიკი გაეროში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ჩემს კაბინეტში. ელისი ამერიკის გასაოცრად ძლიერი, მტკიცე და გამჭრიახი პირველი მებრძოლია". - წერია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში

სტეფანიკი ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი "მოხარულია, რომ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში გაეროში აშშ-ს ელჩის ნომინაცია მიიღო". 

კონგრესში ნიუ-იორკის რესპუბლიკელი წარმომადგენელი დიდი ხანია, რაც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე და აშშ-ს რესპუბლიკური პარტიისთვის ფინანსების ერთ-ერთი მთავარი შემგროვებელია. 

"მისმა აგრესიულმა პერფორმანსმა 2019 წლის ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენებზე, სტეფანიკი "რესპუბლიკელთა ვარსკვლავა" აქცია, როგორც ეს მას ტრამპმა დაარქვა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ იგი პრეზიდენტი ბაიდენის გამარჯვებას შეეწინააღმდეგა და არჩევნების გაყალბების შესახებ ტრამპის ცრუ ნარატივების გავრცელებაში მიიღო მონაწილეობა". - წერს CNN. 

სტეფანიკი ისრაელის მტკიცე მხარდამჭერია. სწორედ მისმა მკაცრმა დაკითხვამ ითამაშა გარკვეული როლი გასულ წელს ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების პრეზიდენტების გადადგომაში, როდესაც მან აღნიშნულ პრეზიდენტებს - კლოდინ გეისა და ლიზ მაგილს დაუსვა შეკითხვა, გმობდნენ, თუ არა ისინი ებრაელების გენოციდისკენ გაკეთებულ მოწოდებებს თავიანთი უნივერსიტეტების კამპუსებზე. 

"უზარმაზარი სამუშაო გველოდება წინ, ვინაიდან ვხედავთ, თუ როგორ ძლიერდება ანტისემიტიზმი პარალელურად ბოლო 4 წელიწადში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც აშშ-ს კატასტროფულად სუსტმა ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვნად ასევე შეასუსტა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება და დაამდაბლა ჩვენი პოზიცია როგორც მოკავშირეების, ისე მოწინააღმდეგეების თვალში". - თქვა სტეფანიკმა გამოცემა New York Post-თან საუბრისას. 

პარალელურად, ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი კაბინეტის 2 წევრი - აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და გაეროში აშშ-ს ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი მის მომავალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს აღარ დაიკავებენ. 

"მე აღარ მოვიწვევ [გაეროში] ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილის და ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელიც ფორმირების პროცესშია. მე ვისიამოვნე მათთან ერთად მუშაობით და ამას ვაფასებ, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის". - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 

კომენტარები