ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელური საფეხბურთო გუნდის, მაკაბი თელ-ავივისა, და ნიდერლანდური გუნდის, აიაქსის მატჩის შემდეგ ასობით ისრაელელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ. ისრაელის ხელისუფლების თქმით, დაშავებულთა ევაკუაციისთვის ამსტერდამში ორ თვითმფრინავს გაგზავნიან.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად 10 ისრაელელი დაშავდა, ხოლო მათი დაზიანებების ხარისხი უცნობია.
სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, ნიდერლანდებში 3 ისრაელელი ჯერ ისევ დაკარგულია.
ისრაელელი გულშემატკივრები ამბობენ, რომ ამსტერდამის ქუჩებში აიაქსთან მაკაბი თელ-ავივის მარცხის შემდეგ თავს დაესხნენ. ვიდეოებში ჩანს, რომ შენიღბული თავდამსხმელები პალესტინის დროშებს ატარებენ და პროპალესტინურ ლოზუნგებს ყვირიან.
ისრაელური მედიის თანახმად, თავდამსხმელებმა ზოგიერთ გულშემატკივარს პასპორტები მოპარეს.
ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ ნიდერლანდების პრემიერს, დიკ სხოოფსა და ადგილობრივ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალებს "არეულობაში მონაწილეების წინააღმდეგ მტკიცედ და სწრაფად მოქმედებისაკენ" და მათი "მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ" მოუწოდა.
ნიდერლანდების მთავრობის წევრი პარტიის, თავისუფლების პარტიის (PVV) ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა თავდასხმა დაგმო და "ებრაელებზე ნადირობად" მოიხსენია. მისივე თქმით, "რცხვენია, რომ ეს ნიდერლანდებში შეიძლება მოხდეს".
"ეს გამოიყურება, როგორც ამსტერდამის ქუჩებზე ებრაელებზე ნადირობა. დააკავეთ და დეპორტი გაუკეთეთ მულტიკულტურულ ნაძირალებს, რომლებმაც ჩვენს ქუჩებში მაკაბი თელ-ავივის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ". - წერს ვილდერსი.
ვილდერსმა ასევე დაწერა, რომ ნიდერლანდები "ევროპის ღაზად იქცა".
"პოგრომი ამსტერდამის ქუჩებში. ევროპის ღაზად ვიქეცით. მუსლიმები პალესტინის დროშებით ებრაელებზე ნადირობენ. ამას არ შევეგუები. არასდროს. თანამდებობის პირები პასუხს აგებენ მათი უუნარობისთვის, დაეცვათ ისრაელის მოქალაქეები. აღარასოდეს". - წერს ვილდერსი.
აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებზე თავდასხმის შემდეგ ქალაქში "სამაშველო მისიის დაუყოვნებლივ გაგზავნისთვის" ემზადებოდნენ.
მოგვიანებით, პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და "გადაწყდა, რომ ნიდერალნდებში პროფესიონალი სამაშველო მისიის გაგზავნა საჭირო არ არის".