არჩევნები 2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობაზე საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

"ახლახან დასრულდა საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახან დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს მიმართ ნდობა. მან ეს შანსი არ გამოიყენა. ეს შანსი არ გამოიყენეს არც სხვა ქალაქებში მდებარე სასამართლოების მოსამართლეებმა, რომლებმაც ანალოგიური საქმეები დღეს და გუშინ განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ველოდებით.

სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის ინტერესი რომ არ არსებობდა, ეს თავიდანვე გამოჩნდა, როდესაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი 2 მნიშვნელოვანი შუამდგომლობა - დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები; საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.

ჯერ-ჯერობით შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები თეთრიწყაროს სასამართლო სასამართლოში, სადაც ხვალ მოსამართლე ბიულეტენებს დაათვალიერებს და მარკერსაც შეამოწმებს". - წერს ქურდოვანიძე Facebook-ზე.

30 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობდა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა. საიას საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 31 ოქტომბერს, 18:00 საათიდან დაიწყო. პროცესი კი სასამართლოში გაგრძელდა.

კომენტარები