ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩო სონ ჰუიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის გვერდით იდგება, სანამ მოსკოვი უკრაინაში არ "გაიმარჯვებს".
"ვიმეორებთ, რომ [რუსეთის უკრაინაში] გამარჯვების დღემდე, ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვიდგებით რუსი ამხანაგების გვერდით". - თქვა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაეროში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, რობერტ ვუდის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთში, კურსკის რეგიონში ამჟამად 8000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია ჩასული. ვუდსმა ეს ინფორმაცია გაეროს უშიშროების საბჭოს 31 ოქტომბერს გააცნო.
21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
"ჩვენ ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვხედავთ, სამხრეთ კორეელები ერთს ამბობენ, შემდეგ პენტაგონი ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები არ მოეპოვებათ, ამიტომ, ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ალბათ, ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს". - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვნა.
23 ოქტომბერს, აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, "ძალიან სერიოზული" იქნება, თუკი ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში რუსების გვერდით საბრძოლველად ემზადებიან.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია.
14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან.