ისრაელური მედია Channel 12-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, 29 ოქტომბერს ისრაელელი მაღალჩინოსნების შეხვედრისას, რომელსაც ქვეყნის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უძღვებოდა, ფართო შეთანხმება იყო იმაზე, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელმა მიზნებს მიაღწია და რომ ახლა საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად შეთანხმების მიღწევის დროა.
Channel 12-ის ცნობით, ნეთანიაჰუ დათანხმდა უსაფრთხოების მაღალჩინოსნების პოზიციას, რომ ახლა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისთვის შესაფერისი დროა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეთანხმება ისრაელის მიზანს, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს, სისრულეში მოიყვანს.
1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული და ლოკალური სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის სამიზნეც ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა იყო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან წინ უძღოდა ლიბანში საჰაერო იერიშების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისრაელის არმიას ჰეზბოლას სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მიჰქონდა იერიში.
მანამდე, სექტემბერში, ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა. ხოლო 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა.





