"ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებულ მხარეებს შეთქმულების თეორიებში, ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" - ცესკოში ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას პასუხობს. აღნიშნულ მასალაში ჩანდა, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი ჩანდა.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა საარჩევნო ბიულეტენის მონიშვნისას ამ ბიულეტენის მეორე მხარეს მისი ხილვადობის განხილვა. თითქოს, სწორედ ეს არის მტკიცებულება ხმის მიცემის ფარულობის წინასწარგანზრახვით დარღვევისა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენების დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ობსეტურ გრამაჟზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენზე. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები.
გარდა ამისა, ცესკოს მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის გაღალდისგან, რომელშიც, ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული არაერთხელ იქნა გამოცდილი განვლილი პილოტებისას და ამ პროცესში გათვალისწინებულ იქნა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. [...] შეუძლებელია რაიმე სახის ფარულობის დარღვევა ბიულეტენის ჩარჩო კონვერტში სწორად მოთავსების შემთხვევაში.
[...] ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებულ მხარეებს შეთქმულების თეორიებში, ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" - ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17 სექტემბერს წერილით მიმართეს, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე წერდნენ და მიუთითებდნენ, რომ უნდა მიღებულიყო ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
როგორც საია-ს მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, ცესკომ ორგანიზაციას 28 სექტემბერს უპასუხა, სადაც ეწერა, რომ "[სასწავლო-საინფორმაციო] შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი არის სატესტო ვერსია და შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ფარულობის დაცვას."
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის [2263 უბანი] შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.





