ვენესუელის დიქტატორმა, ნიკოლას მადურომ საკუთარ სატელევიზიო პროგრამაში საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ "სამაგალითოდ და ვარსკვლავურად გაიმარჯვა", ხოლო აშშ-ს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა დააბრალა.
"კვირას [ქართულმა ოცნებამ] ქართველი ხალხის 56%-ის ხმებით სამაგალითოდ და ვარსკვლავურად გაიმარჯვა. რას ამბობს აშშ? - "ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს, შვენ ვითხოვთ შედეგების გადახედვას, ჩვენ ვითხოვთ განმეორებითი არჩევნების ჩატარებას საქართველოში". თქვენ ფიქრობთ, რომ მსოფლიოს ხალხს უნდა, რომ მოექცნენ მათ, როგორც მონები, როგორც კოლონია?" - თქვა მადურომ საკუთარ გადაცემაში Con Maduro +.
მადურომ საქართველოს არჩევნებზე საუბრისას პარალელი გაავლო ვენესუელის არჩევნებთანაც, რომელშიც მისი გამარჯვების დამადასტურებელ დოკუმენტაციას - ოფიციალურ შედეგებს უბნის დონეზე იგი დღემდე არ აქვეყნებს.
მადურომ აშშ-ც გააკრიტიკა, ვინაიდან აშშ ვენესუელის გაყალბებულ არჩევნებს არ ცნობს და მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.
"წარმოიდგინეთ, 21-ე საუკუნის ქვეყანა საკუთარ თავს ყველაფრის ბატონ-პატრონად, პლანეტის მმართველად მიიჩნევს და ამბობს: ვენესუელა - შენ არ გაღიარებ, საქართველო - შენ არ გაღიარებ, რუსეთო - შენთან ომს ვიწყებ. არავის უნდა შევიწროების, ჰეგემონიზმისა და იმპერიალიზმის მსოფლიო. არსებობს კონსენსუსი, რომ უნდა დამყარდეს მშვიდობა და შეიქმნას ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოებს შორის ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე იქნება დამყარებული". - თქვა მადურომ
"ახალი მსოფლიო წესრიგის" დასამყარებლად და "ალტერნატიული მსოფლიოს" ჩამოსაყალიბებლად მადურო BRICS-ის კავშირს განიხილავს, რომლის სამიტიდან იგი მეტად აღფრთოვანებული დაბრუნდა. მადურომ მისი და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის კადრები გადაცემაში რამდენჯერმე აჩვენა.
ვენესუელა იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოებად ცნობს.
ცნობისთვის, 2024 წლის 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.
- ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა
-
მადუროს 51%-იანი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში მასშტაბური აქციები დაიწყო
არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონსალესს აღიარებს. შედეგებს აღიარებს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ.
- აშშ-მ ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესი აღიარა
-
ევროკავშირი ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად არ აღიარებს
მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, დიქტატორის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედეგებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს.
მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.
2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობამ არ აღიარა.





