არჩევნები 2024

კობახიძემ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა - მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერმინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე არიან.

29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შედგება საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ" - ნათქვამია განცხადებაში.

ვიქტორ ორბანის ესკორტმა რამდენიმე საათის წინ თბილისი მერიოტიდან რუსთაველის გამზირზე გაიარა - აქციის მონაწილეებმა უნგრეთის პრემიერს დაუსტვინეს. პარლამენტთან ცესკოს გამოცხადებული არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და სიების გასაჯაროება, ასევე, ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საქართველოს მთავრობას დასავლური ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთის პრემიერმინისტრმა მიულოცა - ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, GORBI-ს ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ.

"ვაკრიტიკებთ პრემიერმინისტრ [ვიქტორ] ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით" - ნათქვამია ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები