მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, 20 ოქტომბრის არჩევნების დროს "თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა" და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "მოლდოვის მომავალი კვლავ საფრთხეშია".
სანდუმ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, რომ არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ.
"მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა, გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დასაჯონ დამნაშავეები ხმების მოსყიდვაში. სასამართლო სისტემა ახლაც თუ არ გაიღვიძებს, მოლდოვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება". - თქვა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმ ხალხის მობილიზაციის იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ "ქვეყანა ალყაშია".
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42% აიღო. მეორე ადგილზე გავიდა პრორუსი პოპულისტი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც მოსახლეობის 26%-მა დაუჭირა მხარი.
არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.
პარალელურად, მოლდოვაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობამ უპასუხა კითხვას: "უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?" მოსახლეობის 50.46%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 49.53% კი წინააღმდეგია. საბოლოო მონაცემებით, რეფერენდუმის ბედი 13 596 ხმამ გადაწყვიტა.
რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის გაჩენას იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მოგვიანებით, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ ქვეყანაში "კრიმინალურმა დაჯგუფებამ" 300 000 ხმის მოსყიდვა სცადა. მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფებები "უცხოურ ძალებთან" ერთად მოქმედებდნენ.
ამას გარდა, საგარეო საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი რუსეთის უპრეცედენტო ჩარევით ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების პროცესი რუსეთის მხრიდან 20 ოქტომბრამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.





