2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ტრამპის საარჩევნო შტაბი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის ლეიბორისტულ პარტიას ტრამპის მეტოქის, კამალა ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიის დახმარების მიზნით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს.

ტრამპის ბანაკმა ამ საკითხზე საჩივარი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა და, მათი მტკიცებით, ლეიბორისტული პარტიის მხრიდან კამალა ჰარისის კამპანიაში არალეგალური წვლილის შეტანისთვის გამოძიება მოითხოვა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ბრიტანელი პოლიტიკური მოხალისეები აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდში წარსულშიც ჩადიოდნენ, რის ფარგლებშიც ლეიბორისტული პარტიის აქტივისტები აშშ-ს დემოკრატიულ პარტიას უჭერდნენ მხარს, კონსერვატიულ პარტიაში კი - ამერიკელ რესპუბლიკელებს.

გამოცემასთან ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად განაცხადეს, რომ ლეიბორისტული პარტიის მრჩევლები დემოკრატ სტრატეგებთან შესახვედრად ბოლო თვეების განმავლობაში ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც ივლისის თვეში მათმა პარტიამ ბრიტანეთის არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვება შეძლო. ერთ-ერთ საკითხად მათ განიხილეს, თუ როგორ გადმოიბირა უკან ლეიბორისტულმა პარტიამ ის ინდუსტრიული ზონები, სადაც პარტიამ 2019 წელს ამომრჩეველთა მხარდაჭერა დაკარგა.

საკითხთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის საჩივარი ტრამპთან მის ურთიერთობას დააზიანებს. სტარმერის თქმით, ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერებმა მოხალისეობა თავად გადაწყვიტეს.

კომენტარები