არჩევნები 2024

მდინარაძის მტკიცებით, ოპოზიცია არჩევნებზე მოსყიდვით დარღვევების "გამოვლენას" ეცდება

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ოპოზიცია აპირებს "რამდენიმე უბანზე, საქართველოს მასშტაბით, დააშანტაჟონ ან საკმაოდ სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები, რათა ისინი ჩაითრიონ თუნდაც ელემენტარულ საარჩევნო დარღვევა-მანიპულაციაში".

მდინარაძის მტკიცებით, "აგენტურული ოთხეული" გეგმავს აღნიშნული დარღვევები გადაიღონ და ასე "შექმნან ყალბი აღქმა არჩევნებზე უხეში ინტერვენციის შესახებ".

"გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, რამდენიმე უბანზე, საქართველოს მასშტაბით, დააშანტაჟონ ან საკმაოდ სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები, რათა ისინი ჩაითრიონ თუნდაც ელემენტარულ საარჩევნო დარღვევა-მანიპულაციაში. მათი გეგმის მიხედვით, აგენტურული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც წინასწარ იქნებიან გაფრთხილებული ე.წ. "გამწვანებული მოქმედებების" შესახებ, უნდა გადაიღონ ეს დარღვევა და საბოლოო ჯამში ეცდებიან რამდენიმე ასეთი ვიდეო კადრით შექმნან ყალბი აღქმა არჩევნებზე უხეში ინტერვენციის შესახებ.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მივმართავ ყველას, ვინც 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება და ეს მიმართვა განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ქართული ოცნების წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში, არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით თუნდაც ერთი ხმის მოპოვება, არამედ კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში, თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, გიცხადებთ, რომ ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნის ბოროტის მსურველია და აქვს ერთადერთი მიზანი - ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს და იზრუნოს მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე.

ვინც და რა ფორმითაც არ უნდა მოგმართოთ არ დაიჯეროთ და არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას, იმოქმედეთ მხოლოდ კანონის შესაბამისად". - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები