შვედეთში, ვარბერგის მახლობლად, არქეოლოგიური გათხრების დროს ვიკინგების პერიოდის უდიდესი სამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა 139 სამარხში ადამიანების ნაშთებთან ერთად სამკაულები, თიხის ჭურჭელი, ცხოველების ძვლები და ვიკინგების გემების ნანგრევები აღმოაჩინეს.
ექსპერტების თქმით, ამ დროისთვის მათ სამარხის მხოლოდ 6% შეისწავლეს.
Arkeologerna-ს ინფორმაციით, არქეოლოგებმა ტერიტორიის შესწავლა ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ადგილას წყლის ახალი მილების გაყვანა დაგეგმა.
თავდაპირველად, მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ქვის ხანის პერიოდის ნაშთებს იკვლევდნენ, თუმცა, მოულოდნელად, მათ ბევრად ახალი პერიოდის სამარხების აღმოჩენა დაიწყეს.
"თავდაპირველად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ხუთი საფლავი ძვლების ნაშთებით და ცეცხლის კერის ნარჩენებით. ძვლები ეკუთვნოდა ადამიანებს და ძაღლებს. შემდეგ, მივხვდით, რომ აქ ვიკინგების დიდი სამარხი აღმოვაჩინეთ, რაც ჩვენგან ყურადღებას მოითხოვდა".- იხსენებს შვედეთის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების პროექტის მენეჯერი პეტრა ნორდინი.
ადრე სამარხების ადგილზე არსებული მიწა პირუტყვის საძოვრებად გამოიყენებოდა, შესაბამისად, ბევრჯერ დამუშავებული ნიადაგის ზედაპირმა, გარკვეულწილად, სამარხებიც დააზიანა. იმის მიუხედავად, რომ გათხრების დროს არქეოლოგები გარკვეულ სიძნელეებს გადააწყდნენ, მათ მაინც შეძლეს 50 მეტრიანი გემისა და მიცვალებულების კოცონის ადგილმდებარეობის დადგენა. ჯამში, ამ ტერიტორიაზე ვიკინგების 3 გემი აღმოაჩინეს.
![](https://api.tabula.ge/files/inline-images/figur15_petra-undersoker_grav_20_foto-fran-nnv-scaled-e1728637555279-1145x860.jpg)
სამარხებზე აღმოჩენილი ობიექტების უმეტესობა ცეცხლმა დააზიანა. თუმცა, მეცნიერებმა კოსტიუმების, კერამიკისა და არაბული ვერცხლის მონეტების გარჩევა მაინც შეძლეს. აღმოჩენილი არტეფაქტები დაახლოებით ჩვ.წ. 795-806 წლებით თარიღდება. ასევე, ადამიანების ნაშთების გარდა, აღმოაჩინეს სხვადასხვა ფრინველების, ძაღლების, ღორების და მსხვილ რქოსანი პირუტყვის ნარჩენები. ამ პერიოდისთვის მიცვალებულის კოცონზე დაწვა დაკრძალვის ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა იყო, ძაღლები კი ადამიანის მეგზურების როლს ირგებდნენ.
![](https://api.tabula.ge/files/inline-images/038b_forgylld_spannbuckla_2-1.jpeg)
![](https://api.tabula.ge/files/inline-images/036b_abbasid_andra_sidan_2-1.jpeg)
მეცნიერების თქმით, სამარხები "სტრატეგიულად მომგებიან" ადგილას მდებარეობდა - ძველ პერიოდში ორი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ. თუმცა, არქეოლოგებმა ზუსტად არ იციან, სად ცხოვრობდნენ ამ სამარხებში დაკრძალული ადამიანები.