კახა კალაძე

სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი, კახა კალაძე სამტრედიაში, კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე, 2024 წლის 18 ოქტომბერი
კადრი ვიდეოდან/საქართველოს მთავრობა

სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ თავად თბილისის მერი, კახა კალაძე, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, FIFA-ს პროგრამა FORWARD-ისა და UEFA-ს პროგრამა Hat Trick-ის ფინანსური თანამონაწილეობით განახორციელა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ირაკლი კობახიძე, რომელმაც ცენტრის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და სამტრედიელებს "არაჩვეულებრივი" და "ძალიან ბედნიერი დღე" მიულოცა.

"მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივი დღე. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს, ბავშვს და ასეთ ბედნიერ სახეებს ვხედავ. მართლა ძალიან ბედნიერი დღეა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც პირველ რიგში, ბავშვებს ექნებათ განვითარების  და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება. ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზე კიდევ ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. მინდა ყველას განსაკუთრებული წარმატებები გისურვოთ.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძის სახელს ატარებს სამტრედიაში ეს სტადიონი. კახა კალაძე არის, არა მარტო სამტრედიის სიამაყე, სრულიად საქართველოს სიამაყეა. ის არის ყველაზე წარმატებული, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მან შექმნა ის ტრადიციები, რომლებსაც გაგრძელება სჭირდება და ეს სტადიონი ამისთვის შექმნის საუკეთესო საშუალებას.

მადლობა კახა კალაძეს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, პირადად ლევან კობიაშვილს, მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, FIFA-ს, UEFA-ს, რომელმაც მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ პროექტს და ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. გილოცავთ  სამტრედიელებს და ყველას ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო კომპლექსის გახსნას". - თქვა კობახიძემ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა კალაძემაც.

"ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. აქ შეკრებილ ადამიანებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა, იმხელა არის სიხარული და სიამაყის გრძნობა, განწყობა, რომ ვერანაირი ამინდი ვერ შეგვიშლის ხელს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, ლევან, შენს გუნდს, იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებთ.

დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურა, სადაც აი ამ პატარებს, ამ გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ მაგარი, წარმატებული ფეხბურთელები. ბავშვებო, არასდროს არ გაჩერდეთ, ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოთ ცხოვრებაში წარმატებულები. ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ თქვენ გექნებათ უამრავი ხელისშემშლელი ფაქტი, იქნება სირთულეები, მაგრამ არ დანებდეთ, ხელები არ ჩამოყაროთ, ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი, იმ საქმიდან, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და UEFA-ს და FIFA-ს წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, ჩვენთან არის ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მინდა მას მადლობა გადავუხადო. დღეს საღამოს ქუთაისში საინტერესო შეხვედრა გაიმართება საქართველოს ვეტერან და ლატვიის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. აქ არიან ჩვენი მეგობარი, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები. მივესალმოთ მათ და მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რაც გაუკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებები ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში.

კიდევ ერთხელ, მადლობა, ლევან. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში და მინდა წარმატებები გისურვოთ ყოველდღიურობაში". - თქვა მან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებით და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა ფეხბურთელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. 

მათივე ცნობით, სამტრედიის საფეხბურთო ცენტრით ბავშვთა ადგილობრივი  საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულებით უფასოდ ისარგებლებენ, მის მოვლა-პატრონობას კი ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

კომენტარები