კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი კახეთში ავტოავარიას ემსხვერპლა. მასთან ერთად მყოფი ანა ქართლელიშვილი, რომელიც საარჩევნო სიის 57-ე ნომერია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
პარტია ახალის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, კოალიცია ბათუმში დღეს დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს.
"ჩვენი კოალიციისთვის უმძიმესი დღეა, დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო. მასთან ერთად მანქანაში მყოფი ანა ქართლელიშვილი ახლა იბრძვის გადარჩენისთვის.
ჩვენ დღეს გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ელენეს ოჯახს, მის მეგობრებს და ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის.
ასეთი მძიმე დღეები ჩვენ ჯერ არ გვქონია და იმედია, არც არასდროს არ გვექნება. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენი თავი არ გვეკუთვნის. ჩვენი ბრძოლა ეკუთვნის ჩვენს სამშობლოს, ქართველ ხალხს, ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის, ეს არის ელენეს და ანას ბრძოლა, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ჩავიმუხლოთ, წავიქცეთ, გავჩერდეთ. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მთელი შემართებით, ჩვენი სამშობლოს სახელით, ელენეს სახელით და ველოდებით ანას, როდის შემოგვიერთდება. სამწუხაროდ, ელენეს ვეღარ ვნახავთ, ნათელ თვალებში ვერ ჩავხედავთ.
დღეს ჩვენ გვქონდა დაგეგმილი ღონისძიება ბათუმში, მინდა, ბოდიში მოვუხადო ბათუმელებს, აჭარლებს, ჩვენ ღონისძიებას ვაუქმებთ, რადგან უბრალოდ შეუძლებელია, რაიმე სხვაზე ვიფიქროთ გარდა მწუხარებისა ელენეს გარდაცვალების გამო და გარდა იმაზე, როგორ დავამარცხოთ სიკვდილი ანასთან ერთად" - თქვა ნიკა გვარამიამ.
კოალიციის კიდევ ერთერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, "ამ მწუხარებამ უნდა მოგვცეს ძალა, რომ მოვიტანოთ ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდით დგომა".
"დავიწყებ სამძიმარით, რა თქმა უნდა, ოჯახების მიმართ. ელენე... ამ დღეებში ასევე დავკარგეთ ძალიან ბრჭვიალა ახალგაზრდა, შოთიკო პეტრიაშვილი. ანა იბრძვის სიცოცხლისთვის. ამ მძიმე დღეებმა ჩვენ უნდა დაგვაფიქროს, რომ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, უნდა მოვუფრთხილდეთ ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს დასაკარგი არავინ. ამ მწუხარებამ უნდა მოგვცეს ძალა, რომ მოვიტანოთ ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდით დგომა.
ამ მხრივ, კიდევ აღვნიშნავ, გუშინ საავადმყოფოსთან იყვნენ ენმ-ს წარმომადგენლები, ლელოს კოალიციის წარმომადგენლები, ვიღებ უამრავ ზარს და პარტიული კუთვნილების მიღმაა ეს ტრაგედიაც და ეს ახალგაზრდებიც, რომლებიც ევროპული ბრძოლის პირველი დღიდან არ გაჩერებულან და იყვნენ წინა ხაზებზე.
პრეზიდენტმა თქვა ძალიან კარგად შოთიკო პეტრიაშვილის გარდაცვალებაზე - სიტვების თქმა რთულია, მაგრამ ის ყველაფერს იზამს, რომ აღასრულოს სურვილი. შოთიკოს სურვილი იყო ის, რომ ჩვენ ვართ ევროპელები.
ჩვენი პასუხისმგებლობა არის სწორედ ეს - მოვიკრიბოთ ძალები და ეს ქვეყანა გახდეს ისეთი, როგორსაც იმსახურებდნენ ეს ადამიანები" - თქვა ხოშტარიამ.
ტაბულა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს. მძიმედ დაშავებულ ანა ქართლელიშვილს კი, გამოჯანმრთელებას უსურვებს.